დღე IV – ქართული ეთნიკური ნაციონალიზმი

4ერის, ეთნოსის და ქართული ეთნიკური ნაციონალიზმის თემას შეეხო ფილოსოფოსი, ლევან ღამბაშიძე, რომელმაც თქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ეთნონაციონალიზმია და სამოქალაქო ნაციონალიზმი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა.

ფილოსოფოსმა თერგდალეულების, ილის მოღვაწეობის პერიოდი მიმოხილა, როგორც ქართველების ერთიანი ერის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი ხანა. ამ პერიოდის პრესა თუ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მაშინდელი საზოგადო მოღვაწეების იდეებს ფართოდ ავრცელებდა და ხელს უწყობდა ტოლერანტული მიდგომების დანერგვას ყველა სფეროში, რელიგიისა თუ ეთნიკურობის კუთხით.

შემდგომი ისტორიული ეპოქის, საბჭოთა მმართველობის მიმოხილვისას, მომხსენებელმა გამოყო „სულიერი ოკუპაციის თემა“, რაც ფიზიკურ ოკუპაციაზე ბევრად მძიმეა. მისი თქმით, პარადოქსია, თუმცა ბევრად უფრო რთულია რეალური მტრის წინააღმდეგ მობილიზება, ვიდრე ჰიპოტეთური მტრის წინააღმდეგ და დღეს სწორედ ეს მდგომარეობა გვაქს.

"ლევან ღამბაშიძის ლექცია ძალიან მრავალფეროვანი და ინფორმაციული იყო. მისი და აუდიტორიის აზრი თანხმდებოდა იმაზე, რომ ქართველების, როგორც ერთიანი ერის ფორმირება, "თერგდალეულების" ეპოქიდან იწყება, უფრო კონკრეტულად ილია ჭავჭავაძის სახელმწიფოებრივი და შემოქმედებითი საქმიანობიდან, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული საგამომცემლო სფეროს განვითარებასთან. ილია სწორედ პრესის საშუალებით ახდენდა იმ იდეების საზოგადოებისთვის მიწოდებას, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებდა ეროვნულ იდენტობას და დღესაც აქტუალურია ჩვენთვის, ერონული იდენტობის ხელახლა შემქმნელი ერისთვის," - თამთა ბიწკინაშვილი, თელავის დემოკრატიის სკოლა.

  •  
  •