დღე V – ქართული იდენტობა და დემოკრატიული ღირებულებები

8პოლიტიკური კულტურის მნიშვნელობაზე, ქართულ იდენტობასა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაზე ბანაკის ბოლო დღეს ფილოსოფოსმა, ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ ისაუბრა. იგი ცნებების განმარტებით და პოლიტიკურ სისტემებზე საუბრიით შეეცადა აეხსნა, თუ რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ იდენტობას და საიდან იღებს ეს სათავეს.

პოლიტიკური კულტურის ამაღლება და დადაბლება სინამდვილეში არ არსებობს, ეს ცნება არ გაჩენილა მორალური შეფასების გასაკეთებლად, ეს პოლიტიკური რეჟიმის სტაბილობის წინაპირობა უფრო იყო. პოლიტიკური კულტურა რეალურად ცოდნის, ემოციისა და ღირებულებების მიმართებაა პოლიტიკის მიმართ, სამივესი ერთად და არა ცალ-ცალკე. ღირებულება არ არის სურვილი, ღირებულება არის წარმოდგენა სასურველის შესახებ, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. მაგალითად, ღირებულებები ყველაზე კარგად ჩანს იმაში, თუ რას ვასწავლით ბავშვებს.

ღირებულებათა სამი სისტემა არსებობს - ტრადიციული (რომელიც ჩვენთან რელიგიურს გადაეჯაჭვა), მოდერნული და პოსტმოდერნული, რომელიც აგებულია ადამიანის თვითგამოხატულებაზე და მეტად უწყობს ხელს დემოკრატიის სტაბილიზაციას. საქართველო, ზოგადად ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, ნაზავია რამდენიმე სისტემის. ჩვენმა ქვეყანამ მოდერნიზაციას მიაღწია სხვა გზით, ვიდრე განვითარებულმა ქვეყნებმა, რამაც ჩიხამდე მიგვიყვანა. ანუ, მოდერნიზაცია მოხდა ტოტალური კონტროლის პირობებში, პლურალიზმის არდაშვებით. ბოლო 25 წელია და დღესაც ჩვენთან სამივე ღირებულების სისტემა ერთად თანაარსებობს.

მომხსენებელმა ქართულ საზოგადოებაში ნდობის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ- რთულ, კომპლექსურ საზოგადოებაში ჩვენ გვჭირდება ნდობა, რომელიც არ იქნება განპირობებული. მაგალითად, სოფელში ადამიანები ერთმანეთს ენდობიან, იმიტომ რომ პირადად იცნობენ და ნდობის დარღვევას მოჰყვება მკაცრი სანქცია, მაგრამ იგივე ნდობით ვერ იხელმძღვანელებ ქალაქში, მრავალფეროვან საზოგადოებაში. ამ დროს მნიშვნელოვანია ნდობა, რომელსაც ქმნის ინსტიტუტები, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტები. არაპერსონალიზებული ნდობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების ფორმირებაში. ჩვენთან დიდია უნდობლობა პოლიტიკურ ელიტებს შორის, პოლარიზაციის დიდი მასშტაბი გვაქვს და ეს სხვა სფეროებზეც ისახება, მაგალითად, ეკონომიკაზე, განათლებაზე, ყოველდღიურობაზე.

მართალია, რომ დრო თვითონ პოულობს გამოსავალს, ყოველგვარი უკანდახევა ლიბერალური დემოკრატიისაგან დღეს სრულიად უინტერესო და უიდეოა, შეუძლებელია ეს დიდ ხანს გაგრძელდეს და ასეთი ტიპის რეჟიმებს დიდი დრო არ უწერიათ, უკუსვლა დროებითია. მაგრამ, რაც უფრო მეტად მზად ვიქნებით, რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამაზე, უკეთესია, - ამ განწყობით დასრულდა ლექცია გიგა ზედანიამ.

"ისეთი გამომსვლელის მოსმენა, როგორიც გიგა ზედანიაა, არასდროს მოგბეზრდება. მას შეუძლია ურთულესი თემა თავისივე ინტერპრეტაციით ძალიან მარტივად გადმოგცეს.არ არსებობს ამამაღლებული ან დამადაბლებული პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური კულტურა უბრალოდ უნდა გქონდეს. მხოლოდ პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყნები ინარჩუნებენ დემოკრატიას სტაბილურად. ჩვენ უნდა გვქონდეს პოლიტიკური კულტურა, რომლის ფუნდამენტიც არის ნდობა და რომელიც შეესაბამება გამოწვევებს - ჩემთვის ეს იყო დღევანდელი ლექციის მთავარი გზავნილი". ნოდარ ეჟიშვილი, თელავის დემოკრატიის სკოლა

"ნდობის გაჩენა ინდივიდებისა თუ ინსტიტუტების მიმართ პოლიტიკური კულტურის მთავარი საყრდენია. საზოგადოებაში გაჩენილი ასეთი ნდობა შემდეგ ქმნის რესურსს პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის, ნდობის ტრანსფორმაციით წარმატებულ, რაციონალურ საზოგადოებას ვღებულოთ. ამ ციკლის გაგრძელება კი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზრდაა, რაც პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობით და ისევ პოლიტიკური კულტურის უკეთ ჩამოყალიბებაში გამოიხატება - გიგა ზედანიას მოხსენების ეს ნაწილი ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო". ანა ნიქაბაძე, ბათუმის დემოკრატიის სკოლა.

  •  
  •