ბანაკის შესახებ

დემოკრატიის ბანაკი 2016 

"იდენტობა"

 

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოში მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს საქართველო, როგორც ერთიანი პოლიტიკური და კულტურული სივრცე. ეს აისახება დისკუსიაში კულტურის, ტრადიციის, საგარეო პოლიტიკური კურსის თუ შიდა პოლიტიკური წესრიგის თაობაზე. ამ საკითხებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია, რომ დისკუსია დაეფუძნოს ისტორიის, პოლიტიკის, კულტურული მემკვიდრეობის და საერთაშორისო მდგომარეობის ცოდნასა და მის რაციონალურ გააზრებას, ქვეყნის ისტორიული და კულტურული ევოლუციის შეფასებას, მის თანამედროვე ინტერპრეტაციას და შედეგად, საქართველოს დანახვას თანამედროვე, გლობალურ კონტექსტში. ის, თუ რას წარმოადგენს თანამედროვე საქართველო და როგორია მისი ეთიკური, პოლიტიკური და კულტურული კონტექსტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნისათვის საჭირო ზოგადი პოლიტიკური ორიენტირების მოსანიშნად, არამედ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური თუ კულტურული იდენტობის უკეთ წარმოსადგენად.

დებატები თანამედროვე იდენტობის შესახებ მრავალ დონეზე მიმდინარეობს და ბევრ საკითხს შეეხება. იგი აისახება დისკუსიაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესახებ, კამათში უმცირესობათა უფლებებისა და როლის, თანასწორობის და თავისუფლების საკითხებზე, გლობალიზაციასა და კულტური იდენტობის ურთიერთმმიმართებასთან დაკავშირებით.

სტაბილური, დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი იქნება საზოგადოება საქართველოს დემოკრატიულ ტრადიციასთან მოახდენს თვითიდენტიფიკაციას, თუ საპირისპირო, ტოტალიტარულ გამოცდილებასთან, რომელიც ასევე წარმოადგენს ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს.

იმ სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური ცვლილებების არსში უკეთ გარკვევა, რომელიც დღეს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება მხოლოდ რაციონალური, ღრმა რეფლექსიის შედეგად არის შესაძლებელი, რომელიც ინდივიდუალურ და კოლექტიურ იდენტობასთან დაკავშირებული წარმოდგენების, ასოციაციებისა და არქეტიპების დეკონსტრუქციისა და გააზრების გზით შეიძლება მოხდეს. რაც უმთავრესია, ცვლილებების ანალიზი უნდა მოხდეს საზოგადოების როგორც დომინანტური, ისე უმცირესობათა ან მარგინალიზებული ჯგუფების პერსპექტივიდან.

დემოკრატიის ბანაკის მრავალფეროვანი, ურთიერთდაკავშირებული აქტივობები გამიზნული იქნება იმისათვის, რომ დემოკრატიის აქტივისტებმა იმსჯელონ ისეთი ცენტრალური კითხვების ირგვლივ, როგორებიცაა: რას წარმოადგენს თანამედროვე ქართული იდენტობა? ვინ არის და რა ამოძრავებს თანამედროვე ქართველს? როგორი არის თანამედროვე ქართული იდენტობა? შესაძლებელია თუ არა ახალი იდენტობის შექმნა? ხდება თუ არა, ან შესაძლებელია თუ არა, ახალი ნაციონალური ნარატივის ფორმირება და თუ ასეა, როგორი უნდა იყოს იგი? რა როლი უნდა შეასრულონ ამ მნიშვნელოვან პროცესში დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებმა და როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება უკეთ? სამუშაო სესიები, დებატები, ლექციები, პოლიტიკის სიმულაცია და სხვა საინტერესო აქტივობები მონაწილეებს ამ და სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე დააფიქრებს, მისცემს მათ ახალ ცოდნას და დაეხმარება, როგორც ყოველთვის, გახდნენ უფრო ძლიერი და ეფექტური დემოკრატიული ლიდერები.

  •  
  •